გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
2699 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 821 – ბათუმში, 694 – ქუთაისში, 361 – რუსთავში.
3982 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 593 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 2634 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 1837 – მიკროავტობუსების, 101 – სატვირთო ავტომობილების, 3 კი ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი – გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო – გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები, ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით, პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმონ. შედეგად, კონტროლი უფრო მასშტაბური და ეფექტიანი გახდა.









