ქუთაისქალაქობა 2026-ის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 000 ლარია. წინადადებების მიღება 30 მარტს სრულდება
დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება 2026 წლის 2 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.
სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს რეჟისორისა და დიზაინერის მომსახურება, ასევე მსახიობთა მონაწილეობა თემატურ წარმოდგენებსა და მსვლელობებში. დაგეგმილია თეატრალიზებული ელემენტები, რომლებიც უკავშირდება ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარმომადგენლებს, მათ შორის ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ასევე აკაკი წერეთელი და ვასილ ამაშუკელი.
დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა პერფორმანსი, კოსტუმირებული მსვლელობა, ფაეტონის მომსახურება, ასევე დღის კონცერტისა და გალაკონცერტის წამყვანების უზრუნველყოფა.
ვიზუალური და ინფრასტრუქტურული ნაწილში განსაზღვრულია ქალაქის დეკორატიული გაფორმება – მათ შორის სხვადასხვა ტიპის ყვავილების ინსტალაციები, განათების გირლანდები, დეკორატიული კონსტრუქციები, მეწარმეთა დახლები და დროებითი სავაჭრო სივრცეები.
ტენდერი მოიცავს ასევე ტექნიკურ უზრუნველყოფას: საკონცერტო სცენის მოწყობას, ლედ ეკრანებს, გახმოვანებისა და განათების სისტემებს, შესაბამის აპარატურასა და ტექნიკურ პერსონალს.
დამატებით, გათვალისწინებულია საბავშვო სივრცის მოწყობა, სხვადასხვა გასართობი აქტივობით, ასევე ლოჯისტიკური საკითხები – ტრანსპორტირება, სასტუმრო მომსახურება და ინვენტარის გადაადგილება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა მომსახურება უნდა შესრულდეს წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.















