ჩვენ გვაქვს იდეა, რომ შუა დერეფანს განვახორციელებთ და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში თავის ადგილს მივანიჭებთ ქუთაისის მეშვეობით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა.
„იმის შემდეგ, რაც გაჩერდა ტვირთების ბრუნვა რუსეთის მეშვეობით, საქართველომ განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა, რასაც დღეს ეძახიან შუა დერეფანს, ამ შუა დერეფანს გამოყენება სჭირდება. არ შეიძლება გვყავდეს მთავრობა, რომელიც ამას არ იყენებს. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც გვაქვს იდეა, რომ შუა დერეფანს განვახორციელებთ და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში თავის ადგილს მივანიჭებთ ქუთაისის მეშვეობით. ქუთაისი უნდა გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც მოხდება ტვირთების განთავსება, გადაფუთვა, გადაზიდვა, ადის-აბებადან დელიმდე ტვირთების ბრუნვა უნდა ხდებოდეს სწორედ ქუთაისის მეშვეობით. ეს არის აუთვისებელი ალმასი. როგორ შეიძლება, მარტო სამგზავრო ტვირთები იყოს ქუთაისიდან. აქ ჩვენ გავაკეთებთ ზონას, მაგრამ არა მარტო ბიტკოინებისთვის, ხომ იცით, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონები ბიძინამ გააკეთა თავისი კომპანიებისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.