ქუთაისის 71 საეჭვო პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა გამოკვლეულ ანალიზებს შორის იყო ნიმუშები თერჯოლის, ფარცხანაყანებისა და ჭიათურის კლასტერებიდან, ასევე წყალტუბოს საკარანტინო ზონებიდან, თუმცა ტესტმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 24 პაციენტია მოთავსებული.
მისივე განცხადებით, 13 პაციენტს აქვს პნევმონია, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამ პაციენტს კი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს უახლოეს დღეებში აუღებენ.
კლინიკას კიდევ ექვსი პაციენტის მიღება შეუძლია.