ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ცხრა ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა. მათ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის მოსამართლის სახლთან შეკრების გამო ედავებიან.
სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოსთან ჟურნალისტები არიან მისული.
მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, 26 იანვარს მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა ადამიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.