ქუთაისის ბაღებში სწავლა ერთი კვირით გადაიდო. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნავს რამდენიმე ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა. თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. დავით წიტაიშვილის თქმით ასევე რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზეზების გამო გადაიდო სწავლა ქუთაისის ბაღებში.
“ამ ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი იქნება ვითარება. გარანტია იმისა რომ სწავლა დაიწყება არ არსებობს. სარემოტო სამუშაოები ქუთაისის 11 ბაღში მიმდინარეობს. აქ მოწესრიგდება სველი წერტილები. კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი ბაღის გამგესა და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს.” – ამბობს დათო წიტაიშვილი.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კორონავირუსისგან დაცვის რეგულაციბზე ამახვილებს ყურადღებას:
“ბაღში არავინ დაიშვება ბავშვების გარდა, მშობელს არ ექნება შენობაში შესვლის უფლება. ბავშვებს აუცილებლად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც ბავშვს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში გადაიყვანენ, შემდეგ ტემპერატურა გადაუმოწმდება ვერცხლიწყლიანი თერმომეტრით და თუ კვალვ დაუფუქსირდება სიცხე ეცნობება მშობელს. მას გონივრულ ვადაში მოუწევს ბავშის წაყვანა ან 112-თან დაკავშირება. გარდა ამისა თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი, ისინი აღჭურვილი იქნებიან პირბადით, ხალათებით და სხვა. ფუმფულა სათამაშოები მთლიანად გატანილია ბაღებიდან.” – აცხადებს დავით წიტაიშვილი.
საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. ქუთაისში 37 საბავშვო ბაღია.









