27 დეკემბერს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი გახსნიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ თარიღს ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ ახალი დადგმა, რადგან ორმოცდაათი წლის წინათ თეატრი ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერით გაიხსნა.
მათივე ინფორმაციით, „დაისი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით. საპრემიერო წარმოდგენაში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით მონაწილეობას მიიღებენ არმაზ დარაშვილი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), მარიკა მაჩიტიძე (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), რამაზ კუბლაშვილი (ტიტო), კალისტრატე ხარჩილავა (ცანგალა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, საპრემიერო სპექტაკლი 27 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება და მას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დაესწრება.