საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მედია ინფორმირებული არ იყო, საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს.
როგორც საქართველოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
მინისტრმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.” – ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.
ცნობისთვის, ქუთაისის №7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი დღემდე დაუსრულებელია. ამ ხნის განმავლობაში მშობლები და პედაგოგები არაერთხელ ითხოვდნენ სამუშაოების დროულად დასრულებას.
რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში, სხვა მისამართზე, მეორე და მესამე ცვლებში აგრძელებენ, რაც როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის დისკომფორტია.










