ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ხელისუფლება სამთავრობო არხის და მთავრობის მიმართ ლოიალური ჟურნალისტების მოსყიდვას ცდილობს.
მისი თქმით, ამას ადასტურებს ქუთაისის მერიის მიერ ტელეკომპანია იმედის გადაცემა “ღამის შოუს” წამყვანის, გიორგი გაბუნიასთვის ჯამში 1000 კვ. მ. მიწის ფართის გადაცემას, საიდანაც იუმორისტმა 10 წლიანი იჯარით უკვე მიიღო 500 კვ.მ.
“ქუთაისის მერია ღამის შოუს წამყვანს, გიორგი გაბუნიას 10 წლით აძლევს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, აქედან 500 კვ.მ 2021 წლის აგვისტოში უკვე გადაცემული აქვს ვალდებულებებით, მათ შორის არის სტადიონის მოწყობა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბარიც კი არავის დაუდევს, ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის ნაცვლად, გაბუნიამ დამატებით კიდევ 500 კვ.მ მიწა მოითხოვა. ქუთაისის მერმა საკრებულოში უსწრაფესად შემოიტანა განცხადება, რომ დამატებით 500 კვ.მ გადასცეს. ეს არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური კორუფციის, როგორ ყიდულობს ლოიალობას “ქართული ოცნება” გავლენიანი ადამიანებისგან და შემდეგ ეს ადამიანები ათას ზიზღს, სიძულვილს ანთხევენ საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომლებიც არიან დაპირისპირებული ამ ხელისუფლებასთან და სამართლიანად იბრძვიან დეოლიგარქიზაციისთვის”, – აცხადებს გიგა შუშანია.