ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს შესაძლოა გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი გაეწეროს.
საავადმყოფოს გასული ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ მიუღია. სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად 18 პაციენტი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, გასაწერად მზადდება სამი პაციენტი. მათ ერთხელ უკვე ჩაუტარდათ საკონტროლო ტესტი, რომელმაც ვირუსის არსებობა არ დაადასტურა, განმეორებითი ტესტის შედეგები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება წყალტუბოდან შეყვანილ 62 წლის კაცს, რომელიც წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










