შობის დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში დღეს საზეიმო ღონისძიებებით დაიწყო
ქრისტეშობის საზეიმო აღნიშვნა ქუთაისში 6 იანვარს დაიწყო. DMO Imereti-ს ინიციატივით, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში – ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის და თეთრი ხიდის მიდამოებში, საშობაო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ანსამბლებმა შობის თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, გაიმართა საშობაო ალილო ქრისტეს მახარობლების მონაწილეობით.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულმა რესტორნებმა კი სტუმრებს ტრადიციული საშობაო მენიუ შესთავაზეს.
საზეიმო ღონისძიებებში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და ქუთაისში მყოფმა ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ეკლესია-მონასტრებში საშობაო ლიტურგიას დაესწრებიან.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კი მაცხოვრის შობის სახელობის მონასტერში საშობაო ლიტურგიას დაესწრება, რომელსაც ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს.