ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ლინდმაიერის თქმით, რიგ ქვეყნებს ე.წ. „პანდემიური გეგმები“ მზად აქვთ, რათა ინფექციის გავრცელება აღკვეთონ. „ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. მზად უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი და მოსახლეობის დასაცავად ზომები მიიღოს“, – განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.










