როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ქვეყანას დაეპატრონა მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბოკუჩავამ საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ერთიანი ძალებით, პროტესტით, შეუგუებლობითა და კონსოლიდაციით ღალატის ქრონიკა უნდა დასრულდეს”.
“დღეს ვიმყოფებოდით უსამართლობის ბუდედ ქცეულ სასამართლოში, სადაც მოსამართლედ წოდებულმა პოლიტიკურმა მონამ, თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობის განაჩენი გამოიტანა რვა ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრის მიმართ და პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობას დაპატრონებული მოღალატე მანქურთები პირდაპირ ეთერში საქართველოს აყურებინებდნენ ღალატის ქრონიკას. ამ დროს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა არა ერთი, არა ორი, არა სამი პირისთვის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, რაც არ უნდა ეგონოს მას, არამედ მეორე თაობის საბჭოთა ჯალათს თეა წულუკიანს განაჩენი გამოჰქონდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საქართველო გამართლდა ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისევე როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამამართლებელი განაჩენი ვერ აიტანა ვლადიმერ პუტინმა და სწორედ ვლადიმერი პუტინის დავალებით შეიქმნა ღალატის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი.
როგორც თეა წულუკიანის მამას გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბჭოთა დროს, დღეს თეა წულუკიანს სურდა, რომ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
დღეს კიდევ ერთხელ, ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ ქვეყანას დაეპატრონა ყველაზე ანტი-ქართული, ყველაზე ანტი-ეროვნული მოღალატე კრიმინალთა ბანდა, რომელიც პუტინის დავალებით ცდილობს, გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, დააბრალოს ომი საქართველოს, საქართველოს ეროვნული გმირები ანტი-გმირებად გამოაცხადოს და საბოლოოდ, ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მთავარ ამოცანამდე – ეს არის ქართული სახელმწიფოს ტოტალური განადგურება, რუსეთზე დამონება და ტერიტორიული დანაწევრება.
ამ ღალატისთვის ემზადება სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ეს ღალატის ქრონიკა ჩვენ ჩვენი ერთიანი ძალებით უნდა დავასრულოთ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იდგა, დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე, როგორც 2008 წელს, როდესაც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა მტერს, დღესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ჩააბარებს მტერს.
უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი შეუგუებლობით უნდა დავასრულოთ ეს ღალატის ქრონიკა, რომელიც ჩვენ დღეს ღალატის კომისიის დასკვნის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ, რომელიც უნდა იყოს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციის წყარო, ხოლო დღეს იქცა ღალატის ბასტიონად, საიდანაც ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დასამარებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.