ბაჩანა (ნუგზარ) ბერიძე და რეზო თოდუა 19 წლისანი არიან. ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლობენ. დავით ბერულავა 15 წლის, სკოლის მოსწავლეა, კომაროველი მარიამ გურჯიევი -17 წლისაა, ბექა ბერიძე კი, 16 წლის. მათ ერთმანეთი რობოტექნიკის აკადემია UG-LIMES-ში გაიცვნეს.
გუნდის მისია ყველამ გაითავისა. ბაჩანა ბერიძე ჟურნალ ,,გზის“ კორესპოდენტს პასუხობს, რომ თავდაუზოგავი შრომით იმ რევოლუციურ იდეამდე მივიდნენ, რასაც “ტრიბოელექტრული ფარდა” უწოდეს.
,,– ჩვენი არჩეული გზა გვიბიძგებს, მუდმივად თვალი ვადევნოთ ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განვითარებას. ეს კი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, განუწყვეტლივ ვიფიქროთ საკუთარი პროდუქტის შექმნაზე. ამგვარი მისწრაფებითა და თავდაუზოგავი შრომით მივედით იმ რევოლუციურ იდეამდე, რასაც “ტრიბოელექტრული ფარდა” ვუწოდეთ. გამოგონების მიზანია, ელექტროენერგია ჰაერის მცირე ნაკადის მეშვეობით გამოიმუშაოს. იგი ელექტროენერგიის გამომუშავებას ფარდისმაგვარი ნაწილაკებით ახერხებს, რომლებიც ქარის დროს მუდმივად მოძრაობენ. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჰაერის ნაკადების მეშვეობით მუშაობს, ცხადია, რომ მასში გავლილი ჰაერის ნაკადი, მისგან გამოსვლის დროს თითქმის სრულად დაკარგავს ძალას. ამ ფაქტის მიხედვით პროდუქტის მრავალფუნქციურობა იკვეთება, ის ერთგვარ ქარსაცავადაც კი შეიძლება გამოდგეს. სტრუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება მისი მრავალსართულად გაკეთება, რაც ეფექტიანობას ბევრად გაზრდის. მისი გამოყენება ეფექტიანი იქნება იმ ადგილებში, სადაც ჰაერის ნაკადი ინტენსიურადაა. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს როგორც სატრანსპორტო, ისე მეტროს გვირაბი, აგრეთვე შესაძლოა დამონტაჟდეს კორპუსის სახურავებზე, რადგან სიმაღლეზე შედარებით დიდია ჰაერის ნაკადი. ამგვარი გამოყენებით იგი შეძლებს გამომუშავებული ენერგია მოახმაროს გვირაბის განათებას ან კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას. ეს სისტემა თუკი აქტიურად დაინერგება მსოფლიოში, ძალიან დაეხმარება კაცობრიობას ენერგიის წარმოებაში. შემცირდება ისეთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც ზიანს აყენებენ ეკოსისტემას. გამოირიცხება დატბორვა, აფეთქება, წყალმოვარდნის საშიშროება და ა.შ. აღნიშნული თვისებები, მარტივი მექანიზმი და მისი ბიუჯეტურობა ის უმთავრესი მახასიათებლებია, რაც პროდუქტს რევოლუციურ სახელს ანიჭებს და გამოჰყავს ინოვაციურ პროდუქტთა ასპარეზზე. ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ამ იდეის დანერგვაა მსოფლიო მასშტაბით და აღნიშნული პროდუქტის წარმოება.
წარმატება “ათასწლეულის ინოვაციის” კონკურსზე.“. განაცხადა ჯგუფის ერთ ერთმა ლიდერმა ბაჩანა ბერიძემ.
კონკურსზე ხუთეულმა, მართლაც გაიმარჯვა და ფინალშიც გავიდა :
“ტრიბოელექტრული ფარდა“- არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური. ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შემზღუდავი ფაქტორი გარემოსგან, იქნება ეს ამინდი, თუ დღე–ღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.”-წერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი. გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი – Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი – DBM
ახლა მთავარია ახალგაზრდა გამომგონებელთა იდეამ სახელმწიფო მხარდაჭერა მოიპოვოს და თავი დაიცვას, რადგან როგორც ბაჩანა ბერიძე ამბობს : ,,რაც უფრო მაღალი დონისა და გლობალური ხასიათისაა ახლად შექმნილი პროდუქცია, მით მეტად ჩნდება სურვილი პლაგიატობისა. ვფიქრობ, ჩვენი პროექტიც საკუთარი უნიკალურობის წყალობით ერთ-ერთი მათგანი იქნება, რომელიც შესაძლოა, პლაგიატების სამიზნე გახდეს. თუმცა, არსებობს საავტორო უფლებების დაცვის საშუალება (დაპატენტება). ამისთვის კი გარკვეული თანხაა საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, როცა საქმე ამგვარი პოტენციალის მქონე პროექტს ეხება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არა აქვს, სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს ბიუჯეტი მის დასაცავად.
აღსანიშნავია რომ განახლებადი ენერგიები კლიმატური ცვლილებების რისკების დაზღვევის საუკეთესო გზაა. “ტრიბოელექტრული ფარდა” ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა, საფრთხეს არ უქმნის ბუნებას და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მარიამ გურჯიევი და დავით ბერულავა საქართველოს სახელით ბულგარეთში თავიანთ ინოვაციურ გამოგონებას მსოფლიოს გააცნობენ.










