ქალს, რომელმაც 5 შვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას DPA ავრცელებს.
ტრაგედია გასული წლის სექტემბერში, ქალაქ ზოლინგენში მოხდა. პროკურატურის ცნობით, 28 წლის ქალმა, 6 შვილის დედამ, 5 ბავშვს ნარკოტიკული საშუალება მისცა და დაახრჩო. გამოძიების ცნობით, მისი მოტივი ის იყო, რომ მან სოციალურ ქსელებში მეუღლისა და მისი ახალი პარტნიორის ფოტო ნახა, შემდეგ კი მამაკაცს დაემუქრა, რომ ის ბავშვებს ვეღარასოდეს ნახავდა.
ბავშვების სხეულები მათივე საწოლებში აღმოაჩინეს. ქალი ამტკიცებდა, რომ ბინაში დაუდგენელი პირი შეიჭრა, დააბა ის, შემდეგ შეტყობინება დააწერინა და ბავშვები მოკლა. ამასთან, სასამართლო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ქალს სერიოზული ფსიქიკური დარღვევების ნიშნები არ აღენიშნებოდა.
პოლიციამ ბავშვების ცხედრები 2020 წლის 3 სექტემბერს აღმოაჩინა. ქალი 11 წლის ვაჟთან ერთად დიუსელდორფის სადგურში ჩავიდა, სადაც თავის მოკვლა სცადა.
გარდაცვლილი ბავშვების ასაკი ერთიდან 8 წლამდე მერყეობდა.










