ქალთა საერთაშორისო დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. წელს ამ მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს ქალებისა და გოგოების გლობალური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისა და პანდემიის შემდგომი აღდგენითი პროცესებისკენ.
ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, როგორც ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, მეცნიერები, ექიმები, მზრუნველები, ინოვატორები, აქტიური მოქალაქეები და ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პანდემიის დასამარცხებლად იბრძვიან. მათ ნათლად აჩვენეს, როგორ ეფექტიანად შეუძლიათ საკუთარი უნარებისა და ცოდნის გამოყენება პანდემიის საპასუხო ღონისძიებებში. პარალელურად, კრიზისის სირთულეების მიუხედავად, ქალი აქტივისტები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კვლავაც სხვადასხვა მოძრაობის ავანგარდში არიან და სოციალური სამართლიანობისთვის, კლიმატის ცვლილებების შერბილებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან.
ამავდროულად, აშკარა გახდა, რომ COVID-19 ქალებზე განსაკუთრებული სიმძიმით აისახება. არაფორმალურ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შემცირება, მომატებული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი და ოჯახში ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელი ნეგატიურ გავლენას უპირველესად ქალების ცხოვრებაზე ახდენს. ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა ლიდერობის პოტენციალის სრული რეალიზებისთვის, პანდემიაზე რეაგირებისა და მზადყოფნის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქალებისა და გოგოების ინტერესების გათვალისწინება შესაბამისი პროგრამებისა თუ პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში — ყველა სფეროში და ყველა ეტაპზე.
„ქალთა წარმომადგენლობა უნდა გაიზარდოს, იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ქალები და გოგოები მათი მრავალფეროვნებითა და შესაძლებლობებით ყველა კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში. მხოლოდ ასე შეგვიძლია იმ ცვლილებების მიღწევა, რომლებიც ხელს უწყობს ქალების თანასწორ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და სარგებელი მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღისადმი გავრცელებულ განცხადებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პუმზილე მლამბო ნქგუკა.
მთელ მსოფლიოში ქალები იმსახურებენ სტიგმისგან, სტერეოტიპებისა და ძალადობისგან თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან მომავალს, რომელიც ყველას თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს. ამ მიზნის მიღწევისთვის კი მსოფლიოს სჭირდება ქალები ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.