საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ი იტყობინება.
ორგანიზაციის განცხადებით, ანაზღაურებელ საოჯახო შრომაში კაცების ჩართულობის ზრდა ხელს შეუწყობს ქალების მეტ ჩართულობას შრომის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის.
ამავე ცნობით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი.
ამავდროულად, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს.
„ტექნიკური განათლება ხელს უწყობს ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმებას, რაც საბოლოოდ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება“,- აღნიშნავს ISET-ი.