ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 615 000 ლარის გამოყოფას პარტია “თავისუფალი საქართველო” აპროტესტებს. პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, პანდემიის დროს, როდესაც მოქალაქეები შიმშილობენ, მსგავსი პროექტები არ უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, კიბის რეაბილიტაციისთვის 615 000 ლარია გამოყოფილი, რაც ამ მდგომარეობაში, არამიზნობრივი ხარჯია.
“30 000 ლარი უკვე დახარჯულია და ამ 30 000-ის გარდა, 615 000 ლარი იხარჯება, იმ ფონზე, როდესაც ამ კიბით დღეში, მაქსიმუმ, 20 ადამიანი სარგებლობს. ფულის საშოვენლ ადგილად გადააქციეს ეს კიბე და ვთვლი, რომ ეს არის რიონს გატანილი ფული”.
წულაია მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, შეჩერდეს პროექტი და თანხა გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდეს. ამასთან, აცხადებს, რომ კიბის რეაბილიტაცია ბოლო წლებში სამჯერ მოხდა.
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციისთვის მორიგი ტენდერი მიმდინარე წლის სამ აპრილს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 736 306 ლარი იყო. ტენდერში სულ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. თავიდან ბესიკ ივანიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა მან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. შედეგად კიბის რეკონსტრუქცია შპს ლამოდერნა, ხვდა წილად. ლამოდერნა თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც კიბის რეკონსტრუქცია 30 000 ლარის სანაცვლოდ უნდა განახორციელოს.










