ფშავში უწყვეტი წვიმა საფრთხეს უქმნის ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლს – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა 30 მაისს დაწერა.
“როგორც ადგილობრივები აცხადებენ და გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, მუზეუმის ხიდი ჩამოინგრა, ხიდის მიმდებარე მიწა, მასზე ყოველდღიურად ბზარები იზრდება. მუზეუმის მონახულება სახიფათოა. წყალმა მუზეუმთან ავტობუსის მოსაცდელი ადგილიც წაიღო.
ასევე, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოების დაწყება დღემდე ვერ ხერხდება, რადგან უხვი ნალექი გრძელდება. სახლ-მუზეუმის შენობას და პოეტის ცხოვრებიდან ამოღებულ უნიკალურ მემორიალურ ნივთებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.” – წერს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი წერს.
ვაჟა-ფშაველას სახლ მუზეუმის და მიმდებარე ტერიტორიის ფოტოები ლელა რაზიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და წერდა:
“ეს მდომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში… დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც. მუზეუმთან მისვლა საშიშია…
ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც! ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! კიდევ საწვიმრად ემზადებაო…” – წერდა ლელა რაზიკაშვილი.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
“ბევრი მწერს და ყველას ერთად გაგცემთ პასუხს, ერთხელ დავწერ კიდევ რაც ვიცი.
უფრო წვრილად და ზუსტად ჩარგლის მუზეუმის ადმინისდრაციამ იცის, ადგილზე არიან და დილიდან საღამომდე დასცქერიან წყლის მოვარდნა-დამშვიდებას.გზა ჩარგლამდე იწმინდება,გამოღმა, საგამოფენო დარბაზებში ჯერ-ჯერობით მშვიდობაა. შარშანწინ, გაზაფხულზე ამ მხარეს გადმოხეთქა ნიაღვარმა და კიღამ წალეკა იქაობა.წელს თვეზე მეტი წვიმდა გადაუღებლად და მდინარესთან ერთად, ვაჟას ეზოს ბოლოზე მიწა დაიძრა და ჯერაც მიდის ნაპრალების გაღრმავება.ამ მდგომარეობაში, ექსკურსიების მიღებას მაღლა ქოხში ვერ შეძლებენ , ამაზე წერდა კიდეც მანანა გოდერძაული, მუზეუმის დირექტორი.რაც ეხება სამუშაოებს, ყველა ჩართულია, კულტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი გამგეობა.ჯერ -ჯერობით მუშაობენ გეოლოგები, იკვლევენ არის თუ არა უსაფრთხო სამუშაოების დაწყება, დაძრული მეწყერის პირობებში. ჯერ საბოლოო სურათი არ არის. იმედია დამშვიდდება ბუნება და ყველაფერი აღდგება და გალამაზდება ისევ!ეს არის სულ რაც მე ვიცი,ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს ყველას!”
“გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპირისპიროდ, მეწყრული პროცესების მიუხედავად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება.
2024 წლის 26 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ხანგრძლივი წვიმისა და მდინარე ჩარგლურას ადიდების შედეგად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც დააზიანა სახლ-მუზეუმის სიახლოვეს, მდინარე ჩარგლურას მარჯვენა მხარეს, კალაპოტის ნაპირსამაგრი ჯებირი და სახლ-მუზეუმთან დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა ნაწილი.
27 მაისს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დუშეთის მუნიციპალიტეტის (მაღაროსკარის თემი) სოფელ ჩარგალში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მდგომარეობას. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგებიც, რომლებმაც უკვე შეაფასეს მდგომარეობა და, წინასწარი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმსა და მის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოები.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, პირველივე დღიდან, სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში მონაწილეობს მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაარსდა 1961 წელს. მასში დაცულია როგორც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, ასევე XIX და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალები. იქ ინახება პოეტის სხვადასხვა პერიოდის კრებულების გამოცემები. მუზეუმში ასევე დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება, ფოტოები და სხვა. მთლიანობაში მუზეუმის ფონდში 2000-ზე მეტი ნივთია დაცული.