რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 21 ნოემბრის დილით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. კერძოდ ასტრახანის ოლქიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან მიგ-31-ის ტიპის გამანადგურებლით „კინჟალი“ და ტუ-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენით შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს“, – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
საჰაერო ძალების ცნობით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა Х-101-ის ტიპის ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.