უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს.

„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.

ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.

„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუკში“.
რადიო თავისუფლების მიერ ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომში 90-მდე ქართველი დაიღუპა.