უკრაინას სჭირდება ახალი თავდაცვითი ალიანსი, სადაც იქნება სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, დღეს ეს არის ბრიტანეთი – განცხადება ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, ლუკაშენკოს განცხადება, თითქოს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსში რაკეტა „Point-U“ გაუშვეს, სრული სისულელეა.
„ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ, ბავშვებს და ქალებს კი არ ვკლავთ, არამედ მათ მიწას ვიცავთ. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ბელარუსის სამხედროების აბსოლუტური უმრავლესობა უარს ამბობს ოკუპანტების მხარეს, ომში ჩართვაზე. ისინი ხედავენ, ჩვენი ჯარებისა და საზოგადოების სულისკვეთებას. გარდა ამისა, ხედავენ რამდენი რუსი სამხედროს ცხედარი ჩაჰყავთ უკრაინიდან”, – განაცხადა დანილოვმა.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დარწმუნებულია, რომ მთელ მსოფლიოს უკვე ესმის, რა ხდება უკრაინაში.
“სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა არ პასუხობს ადეკვატურად, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. გაიხსენეთ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომამდე. მათთვის მთავარია არა დემოკრატიული ღირებულებები, არამედ ფული.
..ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმ ქვეყნების, რომლებიც გვეხმარებიან. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც რთულ მომენტში დაგვტოვეს. ისინიც ცნობილი იქნებიან”, – თქვა დანილოვმა
დანილოვმა ასევე განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს.
“უკრაინას სჭირდება ახალი თავდაცვითი ალიანსი, რომელიც უნდა მოიცავდეს ქვეყანას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი. დღეს ეს არის ბრიტანეთი”, – დასძინა მან.