სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტები სურსათის მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტების სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ. ინსპექტირების ჯგუფების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი აჭარაში, კახეთსა და იმერეთში რამდენიმე ბიზნესოპერატორს შეუჩერდა:
აჭარა: ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმე ს. ი.-ის კუთვნილ კაფე-ბარ-რესტორან „ბუხარაში“ (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N4). ობიექტზე დაფიქსირდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ასევე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.
კახეთი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი): არაგეგმური შემოწმებისას გამოვლინდა ცხოველთა არალეგალური სასაკლაო. ინდივიდუალური მეწარმე „დ. ა.“ (მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტიბაანი) საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდა. ობიექტზე დარღვეული იყო ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. ამოღებულია ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ცხოველის ხორცი, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
იმერეთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი):
ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჯ. (მისამართი: წყალტუბო, სოფელი სორმონი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და უვნებელი სურსათის მიწოდების მიზნით კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს.
📰 გააგრძელე კითხვა...