„უხმაურო ადამიანები“, ასეთი რუბრიკა მექნება ამ ახალი წლიდან და პირველ რიგში, ერთი ძალიან კარგი და მაგარი ბიჭი უნდა გავაცნო საზოგადოებას, რომელმაც 13 იანვარს სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე გაიარა ბახმუტში. ჯუმბერ ბარამიძე, 28 წლის… ინტერვიუ არ მოუცია, ფრაზები პირადი საუბრებიდან ამოვიღე…”-წერს ჟურნალისტი ზაირა მიქატაძე
„მეომრის საქმე პოლიტიკა არ არის, ვისაც ჩვენს მიწაზე ომი უნდა, ჩემთვის ყველა მოღალატეა, დაანებონ ჩვენს ბედკრულ საქართველოს თავი, იმისთვის ვომობ, რომ საქართველოში ტყვია არასდროს გავარდეს. მშვიდობა იყოს, ეს სასაკლაო და განადგურებული ქალაქები ღმერთმა ჩვენს ერს აღარასდროს ანახოს“. ბოლო წერილი ეს იყო. ამის შემდეგ დასასვენებლად გავიდნენ. ოთხი დღე დაისვენეს და ისევ ბრძოლებში ჩაებნენ. გუშინ შემთხვევით გავიგე, ჯუბო დაუჭრიათო. მაშინვე დავუკავშირდი. მხნედ იყო, მსუბუქად დავიჭერიო: „10-15 მეტრში შევეტაკეთ, დავცხეთ ერთმანეთს და ტყვიამ ფეხი გამიხვრიტა, მაგრამ ძვალს არ შეხებია, რაც მთავარია. ბრძოლის დროს ვერ ვიგრძენი დაჭრა. უარესებიც მომხდარა ესეც გაივლის…“

