ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმთან დაკავშირებული წესებისა და გაიდლაინების პირველი პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მისივე თქმით, ამ წესებსა და გაიდლაინებში არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს.
„ტურიზმთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია გაიდლაინების დანერგვა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პარალელურად ვაგრძელებთ მუშაობას. პირველი პროექტი, პირველი „დრაფტი“ ამ გაიდლაინებისა უკვე მზად გვაქვს და ამას ინდუსტრიასთან ერთად ვხვეწავთ. ჩვენ მზად გვაქვს პირველი პროექტი ამ წესებსა და გაიდლაინებზე, როგორც ტრანსპორტზე, ისე ტურისტული განთავსებისა და კვების ობიექტებზე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუცვალოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენთან ტურიზმის აღდგენა სურთ იმისთვის, რომ თავიანთ ეროვნულ სტანდარტებს შეაჯერონ და შევჯერდეთ. ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. გარკვეული დრო უნდა მივცეთ ინდუსტრიას, რომ მოემზადოს, მაგრამ არაფერი არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რასაც ინდუსტრია ვერ შეასრულებს, რადგან ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.







