ქუთაისის „ტორპედოს“ ძირითადი გუნდი ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის თამაშზე გასვლას არ აპირებს.
როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა, ინვესტორი არსად ჩანს, ფეხბურთელებს კი 3 თვის დავალიანება აქვთ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 4 ივლისს “საბურთალოს” წინააღმდეგ “ტორპედოს” ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები გავლენ.
დღეს დადასტურებულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი უკვე დატოვა ლეგიონერმა, სამუელ ინკუმმა.
გუნდის კაპიტანმა, ბაქარ მირცხულავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, ხოლო გუნდისა და ქალაქის სიყვარულის მიუხედავად ასე გაგრძელება შეუძლებელია.
„სიტუაცია ამ ჟამად უკიდურესად მძიმეა, გუნდმა მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, არ ვაპირებთ ვარჯიშებზე და თამაშებზე გასვლას. თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია ოდნავ მაინც არ გამოსწორდა დავიწყებთ სხვა გუნდების ძებნას და დავტოვებთ კლუბს. გვესმის ქალაქის სიყვარულიც და გუნდის გვერდში დგომაც, თუმცა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – განაცხადა ბაქარ მირცხულავამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია უკვე წლებია გუნდს სიტუაციის გამოსწორებას ჰპირდება, თუმცა შედეგი არ ჩანს.
წყარო : Dailyinfo.ge