ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 100 საფეხურიან კიბესთან, სადაც 25-ზე მეტი ძირი ზრდასრული კედარი მოჭრეს, გაჩეხილი ხეების გვერდით კამელიები და პალმები დარგეს.
გასული წლის ზაფხულში, როდესაც ხეები გაჩეხეს პერიმეტრის მფლობელი სახელმწიფო იყო, შემდეგ კი სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი გაასხვისა, მფლობელი კი სასტუმრო “ქუთაისი ინნ” გახდა. საუბარია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 190 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მსხვილმერქნიანი კედრის ჯიშის ხეებით იყო დატვირთული.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან კითხვაზე, გაცემული იყო თუ არა აღნიშნული ნაწილის გაჩეხვაზე ნებართვა პასუხი მივიღეთ: “ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, დაწყებულია საკითხის შესწავლა”
აღმაშენებლის გამზ. N2-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვას, რისთვისაც მწვანე სექტორი განადგურდა, მესამე სექტორში პროტესტი მოჰყვა.
“30 ჯანმრთელი კედარის ჯიშის ხის მოჩეხვა რომ ხელისუფლებისა და მსხვილ ბიზნესს (ინნ ჯგუფი) შორის გარიგებას უკავშირდებოდა ამას მწვანე სექტორის დანაშაულებრივად განადგურებისთანავე ვამბობდით. ეს უკვე რეგისტრაციით დადასტურებული ფაქტია. მოსუფთავებული ტერიტორია სასტუმრომ “ქუთაისი ინნ” დაირეგისტრირა.” – წერდა “ევროპა ჩვენი” სახლია სოციალურ ქსელში.










