“ეს ამბავი ასეთია:
ბიბლიოთეკის სახელმწიფო დაცვაში ახალი წევრი გვყავს, სამეგრელოდან, მარტვილიდან – ჯარის ვალდებულებას ამ ფორმით იხდის. ერთი თვის წინ დავგეგმეთ, მის სოფელში, აბედათში, პატარა სამკითხველო მოგვეწყო. ამის მერე დეტალებაზე ვსაუბრობთ ხოლმე – ხან მესამე კორპუსში ვხვდები, ხან მეორეში. დღესაც, სამსახურში მისვლისას დავილაპარაკეთ. ახლანდელი ბიბლიოთეკა კიდევ ეგეთია, რომ ცოტა მისტიკური და ჯადოსნური იერით გიმზერენ მისი კედლები. სულ ხუთი-ექვსი ადამიანი დავდივართ. დუმილი. დუმილი. ცოტა ედგარ პოს განწყობა. მაგრამ ედგარ პო დღეს იყო, თუ იყო. გამოვედი, ამ ბიჭს დავემშვიდობე და მეორე კორპუსის დაცვის მაგიდასთან ისევ ეს ბიჭი დამხვდა. არ შევიმჩნიე, მაგრამ სწრაფად დავბრუნდი უკან – საკუთარ ადგილას იდგა. მერე ისევ უკან და იქაც ზის. დიდი შიშნარევი გაკვირვების მერე დავადგინე, რომ თურმე ტყუპები არიან – ნიკა და ლუკა ხურცილავები აბედათიდან. თებერვლის ბოლოს მარტვილისკენ ერთად გავუშურებით და ერთ ედგარ ალან პოს აუცილებლად შევურევ იმ წიგნებში, თან რომ უნდა წავიღოთ.” – წერს გიორგი კეკელიძე თავის ფეისბუკზე.