განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან. – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში, რომელიც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ეხმიანება.
“ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამ დღის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდაჭერის გაძლიერებაა.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, 2025 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნის თემად – „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობა კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში“ დასახელდა.[1] ბუნებრივი კატასტროფები, კონფლიქტები და სხვა კრიზისული სიტუაციები მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის სერვისებზე მოთხოვნას,[2] რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფას მოითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და მათი აუცილებელ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის საჭიროებაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი კოვიდ 19-ის პანდემიის დროსაც განაგრძობდა, გამოკვეთდა იმ საჭიროებებს რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს კრიზისულ პერიოდში წარმოეშობათ და ხაზს უსვამდა მათი დაკმაყოფილების აუცილებლობას.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება. მთავარ გამოწვევებად რჩება საწოლფონდის დეფიციტი, გადატვირთული პალატები, არასათანადო ფიზიკური გარემო, კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაყოფა, მკურნალობის შესახებ ინფორმაციის სიმცირე, არასაკმარისი კვება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდულობა. დამატებით პრობლემას ქმნის არასათანადო მოპყრობის, კონფიდენციალურობის დარღვევისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის საკითხები. კვლავ აქტუალურია პაციენტთა წვდომის პრობლემა მართლმსაჯულებაზე.
სტაციონარული მკურნალობის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს ამბულატორიული სერვისები. სერვისების სიმცირესა და მისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, მათში ჩართვას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. ცნობიერების დაბალი დონეც ასევე ქმნის სივრცეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსაყენებლად კონკრეტულ პირთა თუ მოვლენათა დისკრედიტაციისთვის, რაც კიდევ უფრო აზიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში და ღირსების შემლახველია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან.
სისტემური გამოწვევები დამატებით ბარიერებს ქმნის კრიზისული თუ საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში და სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებასა და საჭირო მზაობას მოითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებაზე პრიორიტეტულად ზრუნვის აუცილებლობაზე და მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან დროული და ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის, მათ შორის, პრევენციის, სერვისების გაუმჯობესებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის მიზნით.” – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.