გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველო კოვიდ 19 დაკავშირებით რეალურ სურათს მალავს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, გამოეხმაურა და მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი მიუძღვნა. მისი თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.
„ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ“, -წერს ნიკოგოსიანი და ამის დასტურად მინისტრის ციტატა მოჰყავს.
„არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება ჩვენი სისტემისგან. ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას“,- ციტირებს ტოროსიანის განცხადებას პრესსპიკერი.
აღნიშნული სტატია რუსულმა სააგენტომ ,,სპუტნიკ არმენიამ” გამოაქვეყნა.










