თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 მცირეწლოვანი ბავშვია.
ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და „აუდის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
„სასწრაფო დახმარების ჯგუფების მიერ შემოყვანილია 8 პაციენტი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები. ყველა კვლევის დასრულების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდგომ, სავარაუდოდ, ყველა პაციენტი დატოვებს კლინიკას“ -განაცხადა „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ.
შსს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.