ავსტრალიელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა, დერი მორონიმ დრონის დახმარებით საკუთარ სამშობლოში, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ზღვისპირა სოფელ ბრუმს ჰედში მდებარე კაკორას ტბის შთამბეჭდავი სურათები გადაიღო. ფოტოებზე გასაოცარი მოვლენაა აღბეჭდილი, რომელსაც ბუნებრივ წყალსატევში მის მიმდებარედ გაშენებული ჩაის ხეების ზეთის ჩადინება იწვევს. სანაპიროსთან შტორმის ჩადგომის შემდეგ ტბაში არსებული წყალი შრება, თუმცა მძიმე, ყავისფერი სითხე მიწის ზედაპირზე გაკვალულ ნაპრალებში რჩება და ხის მსგავს გამოსახულებას ქმნის.
აღნიშნული მოვლენა დერი მორონიმ პირველად გასული წლის ივლისში ბრუმს ჰედში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის დროს დააფიქსირა. მან შტორმის შემდეგ დრონის დახმარებით ტბას სურათები გადაუღო. მათზე დაკვირვებისას კი შთამბეჭდავი გამოსახულება შენიშნა, რომელსაც მოყვარულმა ფოტოგრაფმა “სიცოცხლის ხე” უწოდა. მისი თქმით, სურათები დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდანაა გადაღებული და შეუძლებელია, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ბუნებრივი ფენომენი ხმელეთიდან შეემჩნიათ.