ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათები შევა, თუმცა სრული ლიბერალიზაცია არ მოხდება.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესმა დისკომფორტის მიუხედავად, ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა.
„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი სიკეთე იქნა მიღწეული მათ შორის ამ რთული გადაწყვეტილებით, დისკომფორტული გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა.
„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა .
მინისტრის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმო-ს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.










