ქუთაისში დაჯარიმეულმა სავაჭრო ობიექტებმა და დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია “გრანდმოლთან” გაიმართა.
“სირცხვილი, სირცხვილი”, – სკანდირებდნენ ისინი.
გუშინ სახელმწიფომ განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება ჩვენი შენობის მიმართ. გამოგვიწერა 10 000 ლარიანი ჯარიმა წელში გაწყვეტილ მიკრო, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მოგვთხოვა 15 000-ლარიანი ინვენტარის შეძენა. იმერეთში 4 ორგანიზაცია დაჯარიმდა 10 000 ლარიანი ჯარიმით, მაინტერესებს დენდროლოგიურ პარკში ამდენი ადამიანი როცა იყო მაშინ ვინ დაჯარიმდა, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შრომის ინსპექციამ ქუთაისში მსხვილი სავაჭრო ცენტრები დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზად რეგულაციების შეუსრულებლობა დასახელდა. სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას ძვირადღირებული თერმოსკრინინგის დეტექტორების განთავსებას სთხოვენ, რომელიც 2 ათასი ლარი ღირს.
დაჯარიმებულ ობიექტებზე ამბობენ, რომ ისინი მომხმარებელთა თერმოსკრინინგს ანხორციელებდნენ, თუმცა არა დეტექტორ მოწყობილობით.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ორგანიზაცია ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს და მთავრობას მოუწოდებს, რომ მოქალაქეებზე იზრუნოს.