მესხიშვილის თეატრის მესამე, ღია სივრცე განახლებისთვის ემზადება. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ განაცხადა პროექტს კულტურის სამინისტრო განახორციელებს და მსგავსი სივრცე ევროპაში პირველი იქნება.
მისივე თქმით სექტემბრიდან ქუთაისი ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების ფორმუმს მასპინძლობს, რომლის ერთი ნაწილი ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეორე კი მესხიშვილის თეატრში შედგება. სწორედ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს ,,მწვანე თეატრის” განახლება და მოწყობა.
როგორც ცნობილია ,,მწვანე თეატრში” იგეგმება სცენის გადახურვა და მაყურებელი სპექტაკლის ნახვას ამინდის ცვლილების მიუხედავადაც შეძლებს. ასევე ღია სივრცეში ხმის მარეგულირებლები დაყენდება, ქუჩის ხმაურის დასაბალანსებლად.
,,ქუთაისი 150 დელეგატს უმასპინძლებს. პროექტის ესკიზი მომზადებულია როგორი უნდა იყოს სცენა. გამოცხადდება ტენდერი და მასში მშენებლები მიიღებენ მონაწილეობას. ვემზადებით დიდი მოვლენისთვის,”-ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე.








