“გაოგნებულები ვართ, რა მოხდა არ ვიცით. სიგარეტის საყიდლად გამოსულა და ამას უსვრია. რაღაც შელაპარაკება მოუვიდათო ამბობენ. სავარაუდოდ, მკვლელი ნასვამი იყო”, – ამბობს წყალტუბოში მოკლული 33 წლის მამაკაცის მეზობელი ,,ქუთაისი პოსტთან” საუბრისას.
წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა 2 დღის წინ მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა. მოკლული და ბრალდებული ახლო მეგობრები და ნათლია-მირონები იყვნენ.
მეზობლების ინფორმაციით, კლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის. მომხდარზე საუბარი არ სურთ ბრალდებულის ოჯახში.
ბრალდებულის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
მომხდარს ამ დრომდე არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტრო.










