სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო.
სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.
საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.
ასევე, დღეს, 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას და საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას. როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ტრადიციითაა განპირობებული ის, რომ „გამორჩევის შემდეგ პირველ კვირას, ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“.
შიო III-ის ინტრონიზაციას ესწრებიან მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ასევე იმყოფება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი გუშინ, სამების ტაძარში ჩატარებულ, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია.
ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.










