სენაკის და მარტვილის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, 29 წლის ო.ბ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მარტვილში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას – 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ო.ბ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.