ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობის ზრდის ტენდენციები ორი მიმართულებით წარიმართა – ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობა რამდენჯერმე გაიზარდა, ზოგიერთში კი სტაბილურად შემცირდა.
“ბიზნესპრესნიუსი” აქვეყენბს Visual Capitalist-ის მიერ მომზადებულ მონაცემებს, რომელიც 2000-2025 წლებში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ასახავს. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქვეყნების უმეტესობაში მოსახლეობა გაიზარდა, თუმცა თითქმის ყოველ მეშვიდე ქვეყანაში კლება ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, ქვეყნების მცირე ჯგუფში მოსახლეობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, მათ შორის ლიდერია კატარი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2000 წლიდან 2025 წლის პერიოდში 400%-ზე მეტით გაიზარდა.
ამასთანავე, მოსახლეობის შემცირება მეტწილად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეინიშნება, მათ შორის კი ყველაზე მკვეთრი კლება უკრაინაშია
10 ქვეყანა, სადაც 2000-2025 წლებში მოსახლეობა ყველაზე მეტად გაიზარდა, ასე გამოიყურება:
- კატარი – 423%;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 249%;
- ეკვატორული გვინეა – 166%;
- ნიგერი – 157%;
- ბაჰრეინი – 154%;
- პაპუა-ახალი გვინეა – 149%;
- ანგოლა – 139%;
- ქუვეითი – 139%;
- ომანი – 129%;
- ჩადი – 127%.
იმ ქვეყნების ათეული კი, სადაც მოსახლეობა 25 წელში ყველაზე მეტად შემცირდა, ასეთია:
- უკრაინა – 32.5%;
- მარშალი კუნძულები – 29.4%;
- ბულგარეთი – 23%;
- ლატვია – 21.6%;
- მოლდოვა – 18.8%;
- ლიეტუვა – 17.5%;
- პუერტო რიკო – 16.7%;
- რუმინეთი – 16.1%;
- სერბეთი – 13.1%;
- ალბანეთი – 12.8%.
როგორ შეიცვალა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა 25 წელში?
რაც შეეხება საქართველოს, მე-13 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც 2000-2025 წლებში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა. ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 10.3%-იანი კლება ფიქსირდება.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ბოლო 25 წელში მოსახლეობა შემცირებულია სომხეთსა და რუსეთში. სომხეთში კლება 3.3%-ს, რუსეთში კი 0.7%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში მოსახლეობა ყველაზე მეტად თურქეთში გაიზარდა. კერძოდ, ბოლო 25 წელში ფიქსირდება 33.9%-იანი მატება.
მაღალი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანსაც, სადაც საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის 29.1%-იანი ზრდა ფიქსირდება.










