საქართველო ვირუსის განვითარების სტატისტიკით, არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს ვგავართ, მე ვფიქრობ საქართველო უნიკალურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, „POST TV-ის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს ყველა ქვეყანა, ამ პანდემიის პირობებში ქმნის თავის უნიკალურ მაგალითს და ასეთი უნიკალური მაგალითის სახით იქნება საქართველოც და ასეც განიხილება. ჩვენი მაგალითი, სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის და ის, რაც საქართველოში კეთდება განსხვავებულია ჩვენნაირი ქვეყნების სხვა მონაცემებისგან და შესაბამისად ვიღებთ განსხვავებულ სიდიდეებს ავადობის, სიკვდილობის მაჩვენებლით“, – აღნიშნა ზახაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.










