საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიშის შესახებ საუბრისას.
ამ მონაცემებით, ბიუჯეტში დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტი გადასახადები შევიდა.
მდინარაძის თქმით, თავად მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი საუბრობს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
„ამას ჩვენ ასე თამამად, გახსოვთ ალბათ, ვერ ვლაპარაკობდით წინასაარჩევნო კამპანიების დროს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, პანდემიის დროს ამის ლაპარაკი ცოტა რთული ამბავი იყო და მერე მეორე, ჩვენ შევძელით შეუძლებელი – ევროპაში პირველ ადგილზე ყოფნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს შევძელით და ამაზე დაყრდნობით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ლაპარაკობს არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ობიექტურად მოფიქრალი და მოლაპარაკე რომელიმე ადამიანი, არამედ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და შესაბამისად ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზებაც აქედან გამომდინარეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.










