ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა VOA-სთან ინტერვიუში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა.
ფრიდის თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უფრო ნათელი გახადოს და აირჩიოს, რომელი მიმართულებით უნდა სვლა.
“მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა”. – ამბობს ფრიდი.
ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უნგრეთის ლიდერებს შორის პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასწორად ფიქრობს, თუ თვლის, რომ ვიქტორ ორბანი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
“საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს. […] ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ”. – თქვა ფრიდმა.









