საქართველოში სიგარეტი გაძვირდა. ახალი წლის დღეებში ფასებმა კოლოფზე საშუალოდ, 20-30 თეთრით მოიმატა. თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სავაჭრო ობიექტებში უთხრეს, ეს საბოლოო გაძვირება არ არის და იანვრის ბოლოსთვის შესაძლოა, იმპორტირებულ სიგარეტზე ფასები მცირედით კიდევ გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 85 თეთრით გაიზარდა.
კერძოდ, ახალი წლიდან თამბაქოს შემცველობით იმპორტირებულ 20-ღერიანი სიგარეტის აქციზის ფასმა 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე მოიმატა, ამასთან, 1.85 ლარიდან 2.7 ლარამდე გაიზარდა იმპორტირებული ნაწარმის (რომელიც შეიცავს თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს) აქციზის ღირებულება.










