საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება „მწვანე პასპორტის“ გაუქმების მიზეზებს, ღიბრაძის თქმით, ამის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და „რეალურად, ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის“.
ღიბრაძის განმარტებით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმების გადაწყვეტილება ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან კავშირში არ არის, ვინაიდან აცრა ნებაყოფლობითია და არა ვალდებულება.