საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზღვარგარეთიდან მიღებული მონაცემებით, ორ პაციენტს, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„საქართველოში არ გვაქვს კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დაკვირვების ქვეშ არის 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება იყო ორ ადამიანზე, მათგან ერთი ნამყოფია ქალაქ უხანში. ჩვენთან ჩატარდა გასულ პარასკევს კვლევები, ყველაზე პასუხი უარყოფითი იყო. შემდეგ მათი მასალა ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ლაბორატორიაში, კერძოდ, როტერდამში გავგზავნეთ. ამ დილით გვაქვს მონაცემი, რომ ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეიდან საქართველო კორონავირუსული ინფექციის დადგენას შეძლებს და ეს რეაგენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი.