საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის მიერ კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ამერიკული დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემატიკა არის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის აშშ-ის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისათვის” – ამბობს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.








