ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მსჯელობს უნდა დაინგრეს თუ არა კაფე “სავანეს” შენობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაუყოვნებლივი აღსრულების წესით დაანგრიეს.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე “სავანეს” დემონტაჟი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, იმის მიუხედავად, რომ მეოპატრონეებს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული.
გიორგი ტურაბელიძის თქმით, მუშაობას ადვოკატები გააგრძელებენ და სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
,,საქართველოს სასამართლო აბსოლუტურად გასულია საკონსტიტუციო ნორმებიდან და ის რაც დღეს “სავანესთან” დაკავშირებით ხდება, არის ინდიკატორი იმ პროცესებისა, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. სასამართლო მთვრალი მურუსიძის ბანი გახდა. ქართული მართლმსაჯულება გასულია კონსტიტუციური ნორმებიდან, რომელიც პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს. ასეთ სასამართლოში ჩვენ მონაწილეობის მიღება არათუ უადგილო იქნება, არამედ დანაშაულებრივიც. შევდივართ რათა პროტესტი დავაფიქსიროთ და გამოვალთ. სამართლებრივ ბრძოლას აზრი არ აქვს, დაწყებული გვაქვს პოლიტიკური ბრძოლა,’’ – აცხადებს გიორგი ტურაბელიძე.
ქუთაისის მერიასა და ,,სავანეს’’ მფლობელებს შორის დავა ობიექტის დემონტაჟზე გასული წლის ოქტომბერიდან დაიწყო და 16 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დარინა აბულაძის მიერ კვების ობიექტის დანგრევის გადაწყვეტილებით დასრულდა.
კაფე “სავანე” ქალაქის ცენტრალურ ბაღში თითქმის 30 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 90–იან წლებში კაფე ბამბუკის მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა, სადაც ღია სანაყინე იყო განთავსებული. ობიექტს თავდაპირველად ამხანაგობა „მაგნოლია“ ფლობდა. 1995 წელს კი ის შპს „ნიკოლომ“ 8 986 ამერიკულ დოლარად შეისყიდა.










