სამოქალაქო მოძრაობამ “შეცვალე” ბიძინა ივანიშვილის ბიზესცენტრთან საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნას აპროტესტებდნენ.
მოძრაობა “შეცვალეს” წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, ისინი ითხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.
“ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს სანქციები, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რაც შეაკავებს მას. მას აქვს ერთადერთი შიში, რომ დაკარგავს კუთვნილ ქონებას, მათ შორის იმას, რაც ხალხისგან მიიტაცა. ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოებრივმა, დემოკრატიულმა, ცივილიზებულმა სამყარომ გაიგოს, რომ ამ კაცს ჯიბეში ჰყავს მთელი სახელმწიფო და აკეთებს იმას, რაც მას უნდა, მათ შორის ქვეყანა გადაჰყავს რუსულ რელსებზე და ამის მკაფიო მაგალითია ანაკლიის პორტის მშენებლობა. მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლური პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო, როგორც მათთვის ისე ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ვნახეთ უმრავლესობაში გაკეთებული განცხადება, რომ თურმე იმის გამო, რომ რუსეთმა შეიძლება, რომ ჩვენზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამიტომ გაჩერდა პროექტი და ვერც მალავენ ამას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ ამ კაცის გაჩერებაში”, – განაცხადა “შეცვალეს” წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა ხერხს, მიმართავენ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხმა მიაწვდინონ, მათ შორის საელჩოებთან აქციებს აანონსებენ.