სამტრედიის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროცესს ოფიციალური სტარტი მიეცა
მუნიციპალიტეტმა წარმატებით მიაღწია შეთანხმებას შპს „გლობალ ვიქტორ ჯორჯიასთან“, რომლის შედეგადაც სამტრედიას ოფიციალურად მიენიჭა უფლება ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის თერმული მინერალური წყლის რესურსის გამოყენებაზე.
სამტრედიის მერის განცხადებით, ქალაქს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ დაიბრუნოს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრის სტატუსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებად იქცეს.
„მრავალი წლის შრომის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თერმულ-მინერალური წყლის ლიცენზიის მფლობელთან და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამტრედიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა – გავხსნათ ქალაქი ახალი ინვესტორებისთვის. ბალნეოლოგიური კურორტი თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ აღვადგინოთ მისი ისტორიული ფუნქცია და სამტრედია ვაქციოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე მოთხოვნებს შესაბამისი“, – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.



სამტრედიის ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას 1450 მ სიღრმიდან მოულოდნელად თერმულმა გოგირდიანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს, სამკურნალო ჩვენებები დაადგინეს და კურორტის აშენებაც გადაწყდა. 1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის ოქტომბერში პანსიონატის მთავარ შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა.











