ხარაგაულის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ერთი თვის წინ მეწყერი გააქტიურდა.
19 იანვარს, დილის ათი საათისთვის, კიკნაძის ქუჩა #21-ში მცხოვრები მაღრაძეებისა და დევდარიანების ოჯახების წევრთა ყურადღება ძლიერმა ხმაურმა და ძაღლების ყეფამ მიიქცია. რამდენიმე წამში ამ სახლების უკან მდებარე მთის მასა ჩამოიშალა – ეზო უზარმაზარი ლოდებით, ქვებით, მოთხრილი ხეებითა და შლამით გაივსო.
„ჩემი საძინებლის მხარეს ქვის უზარმაზარმა ლოდმა რკინის ღობე გაგლიჯა, სამზარეულოს თავზე მოთხრილი ხეები დაეცა, ძალიან შემეშინდა, – ამბობს დალი მაღრაძე, – სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ. ოპერატიულად მოვიდნენ და სასტუმროში გადაგვიყვანეს.
პირველ წუთებში ვერ ვაცნობიერებდი, რა მოხდა. მერე თანდათან გავაანალიზე და უფრო შემეშინდა. ღმერთმა დაგვიფარა. ის ლოდი რომელიმე სახლს რომ დასცემოდა, ვერ გადავრჩებოდით.
…მთელი ცხოვრება ამ სახლში გავატარე. სახლისკენ მიმავალი კიბის ყველა საფეხური მიყვარს. აწი აქ ვეღარ ვიცხოვრებთ. მეწყერის გააქტიურება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. ჩვენი სახლის უკან, მთის ჩამოშლილ ფერდობს რომ აცდები, მინდორი შუაზეა გადამსკდარი“.
სასტუმროში დალი მაღრაძემ და მისმა ძმამ 11 დღე გაატარეს. შემდეგ დასაქირავებელი ფართი იშოვეს და ქირის საფასურიდან 300 ლარს ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უხდის.
დალი მაღრაძე იხსენებს, რომ მთიდან მათი სახლის უკან ქანები ხუთი წლის წინაც ჩამოიშალა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. თუმცა, ვინაიდან ის ტერიტორია მიუდგომელია და იქამდე მისასვლელი გზა არ არსებობს, ნაპირსამაგრი სამუშაოები ვერ ჩაატარეს.
„იმ დროს ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე იყო, – ამბობს დალი მაღრაძე, – გვითხრეს, ვერაფერს გავაკეთებთო. მერე ჩემმა ძმამ კერძო პირები დაიქირავა და სამზარეულოს უკანა მხარე მცირედით გავამაგრეთ“.
დალი და მევლუდი მაღრაძეები ეკომიგრანტის სტატუსის მოლოდინში არიან. ამ სტატუსის მიღების შემდეგ მათ ბინის საყიდლად თანხას, 30 ათას ლარს გამოუყოფენ. თუმცა, ეს თანხა ხარაგაულში ბინის/სახლის შესაძენად არასაკმარისია.
„ძლიერი წვიმის შემდეგ მთიდან ქანები წამოვიდა და ეზო მთლიანად შლამით დაიფარა, – ამბობს ინგა ზუმბაძე, – ეს ამბავი როგორც კი შეიტყვეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერი, მისი მოადგილეები, ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაშინვე მოვიდნენ, მადლობა მათ ამისთვის.
გეოლოგებმა მეწყერის შესწავლა 21 იანვარს დაიწყეს. არ ვაპირებდი სახლის დატოვებას, მაგრამ ტერიტორიის პირველადი დათვალიერებისთანავე მითხრეს, რომ იქ ყოფნა არ შეიძლებოდა. ეკომიგრანტის სტატუსი მივიღე. მე და დედაჩემი ახლა ნაქირავებ ბინაში ვართ. თანხას ველოდებით ეკომიგრანტთა სააგენტოდან, რომ მერე საკუთარი საცხოვრებლის შეძენაზე ვიზრუნოთ. განაგრძეთ კითხვა